წიგნი V -
ლას-ვეგასი -
ჰოლივუდი -
ქუოგი -
თავი 9
ელი მერიონმა, ბობი ბენცმა, სკიპი დირმა და მილო სტიუარტმა მერიონის სახლში საგანგებო თათბირი მოაწყვეს. პოლარდმა ბენცს კროს დე-ლენას გეგმა გააცნო, რომლითაც ის ათენას დაყოლიებას აპირებდა. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჯიმ ლაუზიმ, თუმცა მისი წყაროს დასახელებაზე სტუდიას უარი უთხრა.
- მილო, რა ხდება? - ჰკითხა სტიუარტს ბენცმა. - შენ მისი აგენტი ხარ, მასზე და შენს სხვა კლიენტებზეც აგებ პასუხს. ესე იგი, რამდენჯერაც მასშტაბურ ფილმს წამოვიწყებთ, შენი ვარსკვლავი შუა გადაღებაზე გაჯიუტდება და ორმოცდაათპროცენტიან წილს მოგვთხოვს?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაბრიყვდებით და გადაუხდით, - უპასუხა სტიუარტმა, - რა გენაღვლება, დე-ლენამ გადაიხადოს. ის ამ ბიზნესში დიდხანს არ გაჩერდება.
- მილო, შენ სამომავლო სტრატეგიაზე ლაპარაკობ, - ჩაერთო მერიონი, - ჩვენ კი ეს კონკრეტული შემთხვევა გვაღელვებს. თუ ათენა მართლა დაუბრუნდა სამუშაოს, შენ და შენი კლიენტი ბანკის მძარცველებივით გაგვფცქვნით. ამას დაუშვებ?
ყველა გაოცდა. ასეთი უეცარი და მწვავე რეაქცია მერიონს ახალგაზრდობის შემდეგ არ ჰქონია. სტიუარტი შეშფოთდა.
- ათენამ ამის შესახებ არაფერი იცის, თორემ მეტყოდა.
- რომ იცოდეს, დათანხმდებოდა?
- ვურჩევდი, დათანხმებულიყო. მერე კი მისი მოგების ნახევარს სტუდიას ვუწილადებდი.
- ესე იგი, მისი ეს უარზე ყოფნა, შიში - ყველაფერი ტყუილი და მანჭვა-გრეხა ყოფილა, - გამოცრა ბენცმა, - შენც ვიგინდარა ხარ, მილო. გგონია, სტუდია იმის ნახევარს დასჯერდება, რასაც ათენა დე-ლენასგან მიიღებს? მთელი ფული, წესით და კანონით, ჩვენია. ათენას უნდა ესმოდეს: დე-ლენამ შეიძლება გაამდიდროს, მაგრამ ამით კინოში მისი კარიერა დასრულდება, რადგან არც ერთი სტუდია აღარ აიყვანს.
- უცხოელები, - ჩაურთო სკიპიმ, - უცხოური სტუდიები მაინც გარისკავენ.
მერიონმა ტელეფონი აიღო და სტიუარტს გაუწოდა.
- ლაპარაკს აზრი არ აქვს. ათენას დაურეკე. უთხარი, დე-ლენა რასაც აპირებს და ჰკითხე, თუ დათანხმდება.
- ამ შაბათ-კვირას სადღაც გაქრა, - თქვა დირმა.
- უკვე დაბრუნდა. შაბათ-კვირას ხშირად მიდის ხოლმე სადღაც, - სტიუარტმა ნომრის აკრეფა დაიწყო.
ძალზე ხანმოლკე საუბრის შემდეგ მილომ დამსწრეთ ღიმილით ამცნო:
- მსგავსი შემოთავაზება არ მიუღია. და არც დათანხმდება. კარიერა ფეხებზე დაიკიდა, - დადუმდა და მერე აღტაცებით შესძახა: - ამ სკანეტის ნახვა მინდა. მაინც ვინ არის ამისთანა? კაცი, რომელიც ვარსკვლავს იმდენად შეაშინებს, რომ კარიერაზე ააღებინებს ხელს, უბრალო კაცი არ უნდა იყოს!
- მაშ, ამაზე შევჩერდით. უიმედო სიტუაციიდან კომპენსაცია მივიღეთ და ამით დავკმაყოფილდეთ. არადა, რა დასანანია! ათენა დიდებული მსახიობი იყო...
პოლარდმა ინსტრუქციები მიიღო. პირველი, როგორც ვიცით, ის იყო, ბენცისთვის ეთქვა, დე-ლენა ათენასთან დაკავშირებით რასაც აპირებდა. მეორე, ბაზ სკანეტისთვის თვალთვალის მოხსნა იყო, მესამე - ბაზთან მისვლა და გარკვეული პირობების შეთავაზება.
ბევერლი-ჰილზის სასტუმროს ნომერში სკანეტი უმკლავებო მაისურით დახვდა. ოდეკოლონის მძაფრი სურნელი ასდიოდა.
- ეს-ესაა, პირი გავიპარსე, - უთხრა გაღიმებულმა, - ამ სასტუმროში იმდენი პარფიუმერიაა, არც ერთ ბორდელს არ დაესიზმრება.
- წესით, ამ ქალაქში არ უნდა იმყოფებოდეთ, - უსაყვედურა პოლარდმა.
- ვიცი. ხვალ გავემგზავრები, - სკანეტმა დაცვის უფროსს ზურგზე ხელი დაჰკრა, - რაღაც საქმეები დამრჩა მოსამთავრებელი, - მისი იქედნური კილო და ღონიერი ტორსი პოლარდს წინათ შეაშინებდა, მაგრამ ახლა, როცა იცოდა, რომ საქმეში კროსი ჩაერთო, ამ კაცის მიმართ მხოლოდ სიბრალული იგრძნო. თუმცა, ესმოდა, რომ მაინც ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
- ათენას არ უკვირს, აქამდე რომ არ გამგზავრებულხართ, - უთხრა მან სკანეტს, - ფიქრობს, რომ სტუდია საკმარისად არ გიცნობთ, თვითონ კი კარგად გიცნობთ. ამიტომაც თქვენთან მოწმეების გარეშე, პირისპირ შეხვედრა სურს. იმედი აქვს, ასე უფრო შეძლებთ შეთანხმებას.
სკანეტის სახეზე იმწამსვე სიხარული რომ ამოიკითხა, მიხვდა, კროსი მართალი იყო: ამ კაცს ათენა ისევ უყვარდა და მისი სიტყვები დაიჯერა.
თუმცა, სკანეტმა ეჭვით უთხრა:
- ათენასგან მიკვირს. ის ვერ მიტანს. არც ვამტყუნებ, - ჩაიცინა მერე, - სურს, ისევ ის შეყვარებული ბრიყვი ვიყო.
- სერიოზული რამ უნდა შემოგთავაზოთ. თავისი შემოსავლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ყოველწლიურ წილს გადაგიხდით. მაგრამ სურს, პირისპირ და სრულიად საიდუმლოდ გესაუბროთ. კიდევ რაღაც აქვს სათქმელი.
- ვიცი, რაც აქვს სათქმელი, - ისეთი გამომეტყველებით თქვა სკანეტმა, როგორიც პოლარდს მანიაკი მოძალადეების სახეებზე უნახავს.
- შვიდ საათზე ჩემი ორი თანამშრომელი გამოგივლით და შეხვედრის ადგილამდე მიგაცილებთ, - უთხრა პოლარდმა, - ისინი მასთან დარჩებიან და დაიცავენ, ასე რომ, თქვენი სულელური აზრები დაივიწყეთ.
- ჩემზე ნუ იდარდებთ, - გაუღიმა